ნათია მეზვრიშვილის თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე სწავლა არ იქნება. მისი განმარტებით, საქართველოს ოჯახებში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, რაც გარკვეულ რისკებს უკავშირდება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სწავლის სექტემბრამდე აღდგენა არ განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ დღეს ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს და განათლება სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვება, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან - მაგალითად, ლაბორატორიულ კვლევებთან. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს შეზღუდვები დაკავშირებულია ისევ და ისევ ჯანმრთელობისთვის საფრთხეების არიდებასთან, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან, მაგრამ ეს დღის წესრიგში დგას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმსჯელობთ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.