logo
ENG



მეზობლების ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი იარაღიდან სხვა დღესასწაულებზეც ისროდა

20 აპრ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

ნუცუბიძის 26 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც დაკავებული სამართალდამცველის მეზობლები არიან, აცხადებენ, რომ ბრალდებულის მხრიდან გასროლას სხვა დღესასწაულების დროსაც ჰქონდა ადგილი.

მეზობლები აღნიშნავენ, რომ ბოლო ასეთი შემთხვევა ახალი წლის ღამეს დაფიქსირდა. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, მათი თქმით, ღამის საათებში რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, ხოლო მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა.

პოლიციელი, რომელმაც უმისამართოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, კორპუსის მერვე სართულზე ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეზობლები პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ ადგილზე სხვა სამართალდამცველებიც ყოფილიყვნენ, რომლებიც დაკავებულთან ერთად დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმაც. ოჯახი  იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და დამნაშავე დაისჯება.

ნუცუბიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მათ მედიასთან დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებიათ. ასევე უცნობია, პროკურატურის პოზიცია, ფიგურირებენ თუ არა ინციდენტში შსს-ს სხვა თანამშრომლებიც.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ს.გ.-ს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 


close დახურვა