ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "არადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ" განცხადებებს აკეთებს. მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის "იმედად ყოფნას" აღარ აპირებენ.
"ქალბატონმა ზურაბიშვილმა ორივე მხრივ გააკეთა არასწორი განცხადებები და ამას იგი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიხვდება. არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს ის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თხელ ყინულზე დადის მთელი ერი და როდის ჩატყდება ეს ყინული, არავინ იცის და ამ დროს ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ეს უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს და აკეთებს არაადამიანურ დას პოლიტიკურად გაუმართლებენ განცხადებებს. ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე აღარ ვაპირებთ ყოფნას, ჩვენ ნაციონალური მოძრაობა და საზოგადოების საღი ნაწილი, თუ კი ვინმე ამ განცხადებებითა და ნაბიჯებით დაზარალდება იქნება თავად ქალბატონი ზურაბიშვილი", - ამბობს მელია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს სერიოზული დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული.
ამასთანავე, ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა ქვეყნის დემოკრატიის საზომია.