logo
ENG



მელია: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, პროკურატურა ახალ საქმეებს ამზადებს

28 სექ 202121:56
3 წუთის საკითხავი
 
მელია: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, პროკურატურა ახალ საქმეებს ამზადებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებს. 

მელიას თქმით, ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობა და არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ პრეზიდენტმა შეიწყალოს. 

"გაგანდობთ ერთ ინფორმაციას სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად აღარ ენდობიან, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, ამ ადამიანებს, ანუ ქართულ ოცნებას ჰქონდეს სათადარიგო რაღაც". - თქვა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში. 

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა გასამართლებული: სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურეობრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეიწყალა. 

მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში. 

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.


close დახურვა