logo
ENG



მელია: კარგი იქნებოდა, მეტი ერთობა ყოფილიყო, ჩვენც დავაშავეთ და სხვა პარტიებმაც

01 ნოე 202017:44
3 წუთის საკითხავი
 
მელია: კარგი იქნებოდა, მეტი ერთობა ყოფილიყო, ჩვენც დავაშავეთ და სხვა პარტიებმაც

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, საარჩევნო პროცესში ოპოზიციურ პარტიებს შორის მეტი ერთობა ყოფილიყო.

როგორც მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ერთობის მაგალითი გლდანის საარჩევნო ოლქია, სადაც მისივე თქმით, ძალადობის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ არჩევნები წააგო.

"კარგი იქნებოდა ერთობა რომ ყოფილიყო. ჩვენც დავაშავეთ, ნაციონალურმა მოძრაობამ გარკვეულწილად, სხვა პარტიებმაც დააშავეს, კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო ერთობა საარჩევნო პროცესში. გლდანი ერთობის არაჩვეულებრივი განსახიერებაა, ერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა გლდანში. რა არ გააკეთეს, იარაღებით იტაცებდნენ ჩვენს მეგობრებს, ჯგუფურად პოლიციასთან ერთად, არბევდნენ, იარაღით ძალადობდნენ, მაგრამ მაინც წააგეს გლდანი შედეგობრივად და იცი რატომ? ძალიან გაერთიანებულები ვიყავით. პირველი მტერი ვიქნები იმ ადამიანების სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც ერთობას დაარღვევს", - განაცხადა მელიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98.34% -  3 783 უბანი. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 48,07%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27,12%; ევროპული საქართველო - 3,78%; პატრიოტთა ალიანსი - 3,18%; ლელო - 3,16%; სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%; გირჩი - 2,9%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%; ლეიბორისტული პარტია - 1%.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.


close დახურვა