ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, პარლამენტთან, 17:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის აქციაზე ელოდება ყველა იმ ადამიანს, ვისთვის ქვეყნის მომავალი სულერთი არაა.
"ხვალ, ვისთვისაც სულ ერთი ნამდვილად არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში არის აბსოლუტურ უმრავლესობაში, გელოდებით 17:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხვალ, პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში", - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, ორ ლოკაციაზე - დიდუბის და 300 არაგველის მეტროს სადგურებთან მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. მომიტინგეები მსვლელობით ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან მივიდნენ. ორივე შემთხვევაში აქციის მონაწილეები, კერძოდ კი ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი მომიტინგეებს არ შეხვდათ. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციებზე მართავს.