ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბევრი საკითხი განიხილა. როგორც მელია ამბობს, პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა "გულუბრყვილო მოლოდინი არ აქვს".
"თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ, ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას, ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი. არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვანაირად გაგვიჭირდება", - განაცხადა მელიამ.
ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ ზურაბიშვილს ქვეყანაში არსებული ვითარების სწორი აღწერა აქვს, რაზეც საჯაროდაც ისაუბრა.
"შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, თუ თავისი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს", - თქვა მელიამ.