logo
ENG



მელია სამადაშვილის წასვლაზე: ამის გამო ადამიანის მტრად გამოცხადება არ შეიძლება

10 მაი 202122:58
3 წუთის საკითხავი
 
მელია სამადაშვილის წასვლაზე: ამის გამო ადამიანის მტრად გამოცხადება არ შეიძლება

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი თანაპარტიელის სალომე სამადაშვილის გუნდიდან წასვლის გამო მისი "მტრად გამოცხადება" არ შეიძლება. მთავარის არხის ეთერში ინტერვიუსას მელია აღნიშნავს, რომ ის რომ ციხეში არ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა და "კონფლიქტი არ იქნებოდა".

"ის, რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, ძალიან განვიცადე. თუმცა ამის გამო მტრად გამოცხადება ადამიანი არ შეიძლება.

ამბობენ: "Divorce is better than unhappy marriage" ("განქორწინება სჯობს უბედურ ქორწინებას"), ახლა თუ პარტიაში ბედნიერად ვერ გრძნობს თავს ადამიანი, ჯობია ცივილურად გაიყაროს, არამედ დაშორდეს დროებით ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, მიზანი იგივე დარჩება. [...]

ეს ნაკლოვანება აქვს ციხეში ყოფნას, რომ არ ვყოფილიყავი იქ, სადაც ვიყავი, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდებოდა. ეს კონფლიქტი არ იქნებოდა. მე თუ გარეთ ვიქნებოდი, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებოდი და ბევრი რამ სხვაგნარად წარიმართებოდა", - ამბობს მელია. 

მან ასევე დაამატა, რომ ყველა ადამიანი "ეძვირფასება", ვინც ნაციონალურ მოძრაობაშია და შეიძლება, პარტია დატოვოს. ამაზე წამყვანმა ნიკა გვარამიამ ჰკიტხა, რომ ასეთი იყო გრიგოლ ვაშაძე იყო მეორე ადამიანი, ვინც დატოვა პარტია, რაზეც მელიამ უპასუხა, "გრიგოლ ვაშაძეს არ შევადარებ სალომე სამადაშვილს, სალომე სამადაშვილის სასარგებლოდ". მანვე განმარტა, რომ სამადაშვილს საკუთარი გადაწყვეტილება არ დაუმალავს, რომ ამაზე ისაუბრა პარტიაში და განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა. 

"სალომე იყო გულწრფელი, არ დაუმალავს. პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა, წავიდა და მოულოდნელად დახვდა ის სურათი, რაზეც ხელი მოაწერა. რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, არაფერი არ უთქვამს, არც წასვლაზე, არც განცხადების გავრცელებაზე", - ამბობს ის. 

ენმ-ს ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ენმ-ს სახელით მოაწერა ხელი. ხელმოწერა, ასევე დააფიქსირა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემაც, თუმცა სამადაშვილისგან განსხვავებით, უცნობია, აპირებს თუ არა ის საპარლამენტო საქმიანობას. 

ხელმოწერის შემდეგ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ იგი პარტიას ოფიციალურად ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დატოვებდა.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგმულიყო ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. ნიკა მელიასთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი.


close დახურვა