ყველა მინუს ოცნება, ივანიშვილის გუნდი კიდევ ერთ პროევროპულ ინიციატივას ემიჯნება. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპულ საბჭოს მიმართავს, რომ ევროკომისიის დასკვნის მიუხედავად, საქართველოს სტატუსი მიანიჭოს ისე, როგორც ეს იგეგმება უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში. შესაბამის წერილს მეოთხე პრეზიდენტი ხვალ ევროკავშირის ელჩს გადასცემს. წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე უმაღლესი თანამდებობაზე მყოფი პირები, - მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი. ევროპული საბჭოსადმი მიმართვას ამ დრომდე არ უერთდება მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე „ქართული ოცნების“ დროინდელი პარლამენტის სამი თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.