logo
ENG



მერია: სიცრუეა, თითქოს 200-ლარიან დახმარებებს გავცემთ, პენსიონერების რიგები არ წყდება

14 სექ 202019:35
3 წუთის საკითხავი
clock 1385
rf7dfw4buw44aoh.jpg

თბილისის მერიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერია, მათ შორის რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს, სიცრუეა.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მერიის მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს.

"აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს.

გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს - პენსიონერებს ეხება",-ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა