თბილისის მერია „სითი პარკის“ ჯარიმებზე ამნისტიას გამოაცხადებს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. კალაძის თქმით, მოქალაქეებს დაახლოებით 850 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმები ჩამოეწერებათ.
„ჯარიმებიდან თანხების მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება, პარალელურად დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანომდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების არის, აქ იგულისხმება, საჯარიმო სანქციებით, რომელიც აღსრულების ბიუროსთვის არის გადაცემული. აქედან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციტივის წარგენა პარლამენტისთვის და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული დადებითად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სასამართლო დავა ამ დროისთვის აღარ მიმდინარეობს.
„კომპანია „სითი პარკთან“ არსებული ხელშეკრულება 2007 წელს დაიდო და ჩვენ, 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ეს ხელშეკრულება ცალმხრივად და კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ, მოვილაპარაკეთ, დღეის მდგომარეობით არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადება ეს კომპანია. მოხდა მორიგება, მორიგების შედეგად ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტუქტურა. ასევე, შევისყიდეთ, რაც ძალიან მნშვნელოვანია ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება. თავის დროზე, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. გვახსოვს, რამდენად დიდი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, „თბილისი პარკინგი“ და შედარებისთვის, დაახლოებით წლის განმავლობაში მილიონ ორასი ათასი ჯარიმა იწერებოდა „სითი პარკის“ მიერ, ჩვენს მიერ, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით ხუთასი ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი და არ არსებობს უკმაყოფილო ადამიანები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ „სითი პარკთან“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა და დავა ოფიციალურად 14 თებერვალს გაწყვიტა - სანაცვლოდ მერიამ კომპანიას ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი გადაუხადა.