ლეიბორისტული პარტიის წევრები თბილისის მერიის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის მოთხოვნით აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპარკინგე სივრცე ცოცხალი ჯაჭვით ჰქონდათ ბლოკირებული.
"ეს არის დღეს ყველა რიგითი ქართველის მდგომარეობა. ჯაჭვებით არის გარშემორტყმული იმ უკანონო, მავნებელი რეგულაციების შედეგად, ჩვენ ე.წ ხელისუფლება გვიწესებს და გვიხანგრძლივებს განუსაზღვრელი ვადით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები საპარკინგე სივრცეს გააშორეს და მისი ბლოკირების შესაძლებლობა არ მისცეს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო, მერიის თანამშრომლებს ფეხით მოსწეოდათ სამსახურიდან დაბრუნება, ვინაიდან, მათი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ფეხით უწევთ სახლიდან სამსახურში გადაადგილება.
"უკვე რამდენი თვეა რიგითი ადამიანები ფეხით გადავაადგილდებით სახლიდან სამსახურში. ერთი დღე კეთილი ინებოს კახი კალაძემ და ნახოს, როგორი არის რიგითი ადამიანივით ცხოვრება", - ამბობს აქციის მონაწილე ლეიბორისტი.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.
მთავრობის გადაწვყეტილებით, კომენდანტის საათი, რომლის გამოც მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 სთ-დან 5:00 სთ-მდე ეკრძალებათ, 1 მარტამდე გახანგრძლივდა. მიმდინარე თვის განმავლობაში, წამყვანი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გადაადგილების შეზღუდვა, დიდი ალბათობით, 1 თებერვლიდან მოიხსნებოდა. მთავრობამ 1 მარტამდე გადადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაც.