მთავარი არხი მათი ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას წყვეტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაკაიძე ოჯახის წევრის მიმართ გაუპატიურების მცდელობის, ძალადობის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
მთავარი არხის განცხადება:
"მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.
2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.
ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას".