მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია შსს-ს მითითებით მოქმედებს.
"გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად.
ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა", - წერია განცხადებაში.
თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრობიზნესკაპიტალის შენობაში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ცნობით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.