მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, კორონავირუსის იყო. სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი იმ მინისტრებმა გააკეთეს, რომელთა უწყებებიც საკითხის მოგვარებაში უშუალოდ არიან ჩართული.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაბამისმა სამსახურმა უკვე მოიძია ის კონტაქტები, რომლებთანაცკორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირი იყო შემხებლობაში. მისივე თქმით, ასეთი სულ 25 ადამიანი გამოვლინდა.
"ვადასტურებ, რომ დაფიქსირდა მეოთხე შემთხვევა. პირთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია და ეს არის 25 ადამიანი. მათი ანალიზების გახდება საჯარო. ეს ადამიანი იყო თვითიზოლაციაში და სამსახურში არ იყო მისული. ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ იძლევა რეკომენდაციას ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ სიტუაციის კონტროლი შეგვიძლია. ჯანდაცვის უწყება ყველა ღონისძიებაში იქნება ჩართული. ვაწარმოებთ მონიტორინგს და შესაბამისად ვიძლევით დამატებით რეკომენდაციებს ან მკაცრ გაფრთხილებებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარი ასევე გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც. მინისტრის განცხადებით, განიხილება იტალიასთან ავიამიმოსვლის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გარდა ამისა, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლის ჩაკეტვა მიზანშეწონილი არ არის.
"განიხილება სხვა საკითხთან ერთად, ფრენების შეწყვეტის საკითხიც. თუმცა საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არ არის. იტალიის მიმართულებაც რისკიანია, მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ რისკები მაინც დარჩება, რადგან შეიძლება დაინფიცირებულები შემოვიდნენ სხვა ქვეყნიდან. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ვუყურებთ ჩვენს პარტნიორებს, ისინი როგორ მოქმედებენ, მონიტორინგი განვახორციელოთ და ასე შემდეგ, ეგ გვირჩევნია“, - ამბობს მაჭავარიანი.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის დავალებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა ვირუსის გამო წარმოქმნილ პრობლემებს გაეცნოს. თურნავას განცხადებით, შეხვედრა სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
"პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ უახლოეს მომავალში ტურიზმის ინდუსტრიას შევხვდეთ, რათა მოვისმინოთ ის პრობლემები, რამაც გამოიწვია კორონავირუსმა. ხვალ დავაორგანიზებთ ამ შეხვედრას. პირველ რიგში ამოცანა არის, რომ მოვისმინოთ, რა პრობლემების წინაშე დადგა ინდუსტრია, რომელი პრობლემებიც ასოცირებული არის კორონავირუსთან. მთავარი ამოცანა ის არის, რომ გავაკეთოთ ზუსტი პროგნოზი და ანალიზი, რა შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.