შტატ მისისიპიში მომხდარი ტორნადოს შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ქარის გამო, რომელიც შემდგომში ტორნადოში გადაიზარდა, ასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა. 4 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქია თავს დაატყდა ქალაქ სილვერ სითის, რომელიც მისისიპის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მასში 200 ადამიანი ცხოვრობს, ასევე როლინგ-ფორკსაც, სადაც მოსახლეობა 1 700 ადამიანს შეადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შტატში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რადგან ზოგიერთ ქალაქში ტორნადოს განმეორების საფრთხე არსებობს. შტატის ზოგ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.