logo
ENG



მიშა მშვილდაძე უგულავას საქმეზე - ხელისუფლება აგრძელებს ხელების გრეხის და ძალის პოლიტიკას

10 თებ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 

„როგორ უნდა აუხსნან ან ქართველ ხალხს, ან ამერიკელ კონგრესმენებს, რომ დღეს რაც მოხდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას.

როგორც მშვილდაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ხელების გრეხის და ძალის პოლიტიკას აგრძელებს.

„ხელისუფლება აგრძელებს ხელების გრეხის და ძალის პოლიტიკას, რასაც მთელი ეს პერიოდი აკეთებდა. ყრუ რჩება ასბოლუტურად ყველაფრის მიმართ. ერთადერთი რაღაც რეაქცია აქვს ხოლმე, როდესაც კონგრესმენები და სენატორები ძალიან გამოლანძღავენ. მაგ დროს ძალიან შეიწუხა თავი და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პასუხების გასაცემად. ამ ფონზე, მგონი ახლაც იქ არის თალაკვაძე და პაატა სააკაძესავით არის გაწირული, როგორ უნდა ახსნა ეს ამბავი დღეს რაც მოხდა ვინმესთან, ვინც დაინტერესებულია. ამერიკელი კონკგრესმენები ჩვენზე მეტად არ არიან დაინტერესებული, რომ საქართველოში დემოკრატია იყოს, ქართველი ხალხი ვართ პირველ რიგში ამით დაინტერესებული და როგორ უნდა აუხსნან ან ქართველ ხალხს, ან ამერიკელ კონგრესმენებს, რომ დღეს რაც მოხდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მთლიანად ყველა დაპირებას, რაც გასცა თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხაზს უსვამს მთელ ამ ფარსს, რაღაც ვაჭრობა რომ გამართეს 100/50 და 130/20, ყველაფერს ხაზს უსვამს“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა