ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი.
მოკლულის მამამ, ზაზა სარალიძემ სხდომაზე დაცვის მხარეს შვილის ფოტოები შეაყარა და დარბაზი ხმაურით დატოვა. მისი პროტესტისა და გაღიზიანების მიზეზი გახდა ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, თითქოს სარალიძე ხელისუფლებას გაურიგდა.
კალანდიების ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებს კიდევ ერთი დაკავებულის, - ჯანაშიას ადვოკატი. პარალელურად უზენაეს სასამართლოში სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის - გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც შეთანხმდნენ.
ზაზა სარალიძემ თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესებზე აღარ ივლის. თუმცა განაჩენის გამოცხადებას მაინც დაესწრება. დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი კი შვილმკვდარ მამას ისევ ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.
უზენაეს სასამართლოში დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც შეთანხმდნენ. ჯანაშიამ ბრალი აღიარა. საპროცესო შეთანხმების პირობები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მას მსჯავრი გაუნახევრდება.
რაც შეეხება ამავე საქმის კიდევ ერთ მსჯავრდებულს, მას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. პროკურატურა მოითხოვს, რომ გუგა ბარბაქაძემ დათუნა სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობაც აღიაროს. სწორედ ამას ედავება ბარბაქაძეს პროკურატურა უკვე ორი წელია. თუმცა ბარბაქაძე სარალიძის მკვლელობის ნაწილში ორმა ინსტანციამ უკვე გაამართლა. ახლა ჯერი უზენაეს სასამართლოზეა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბრალდება საქმის შეკერვას ცდილობს და ამის დასტურად მირზა სუბელიანის შვილის ჩვენება მოჰყავს. ალექსანდრე სუბელიანმა თქვა, რომ მას არ დაუნახავს, თუმცა იცის, რომ სარალიძეს ბარბაქაძეც უსწორდებოდა.
უზენაესი სასამართლო პროკურატურის საჩივარზე გადაწყვეტილებას გუგა ბარბაქაძის სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობაზე სამშაბათს გამოაცხადებს. ამავე დღეს გახდება ცნობილი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმების დეტალებიც.