თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც საბოლოო განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. როგორც კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, თუ მოსამართლე ობიექტური იქნება მიხეილ კალანდია გამართლდება.
"არ მითქვამს, რომ მე გავათავისუფლებ მიხეილ კალანდიას, მაგრამ ვთქვი, რომ მოვიტან გამამართლებელი განაჩენის პროექტს, რომლითაც მოსამართლემ კალანდია უნდა გაათავისუფლოს, ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში. კალანდიას მიმართ საქმე შეთითხნილია და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. არანაირი საფუძველი პატიმრობისა არ არსებობს. ის ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და აცხადებს, რომ ის ეხმაურებოდა მის უმწეო მეგობარს, რომელიც შეაგდეს ფარდულში“, - აღნიშნა ზურაბ თოდუამ.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი მირიან მეგრელიშვილი ამბობს, რომ წინა სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ამომწურავი დასკვნითი სიტყვა წარადგინა.
"მიმოვიხილეთ ჩვენი ბრალდების დადგენილება და შესაბამისი მტკიცებულებები. დღევანდელ პროცესზე ველოდებით დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას. ისინი წარადგენენ თავიანთ ვერსიას, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გავა“, - განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.
ადგილზე იმყოფება ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. ლონდარიძე დაცვის მხარის აზრს არ იზიარებს და ამბობს, რომ სასამართლომ კალანდია არ უნდა გაათავისუფლოს.
"ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის ძალიან საინტერესოა მათი პოზიცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც იყო პროცესებზე გაჟღერებული. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს, თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით. თუმცა არ მივიჩნევთ, რომ კალანდია სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.