logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მიტროპოლიტი გრიგოლი შევიდა

29 ოქტ 202111:56
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მივიდა.

"წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს, რომელიც იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან", - თქვა მან. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, პატრიარქის დანაბარები ხომ არ უნდა გადასცეს სააკაშვილს მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:

"მე უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს", - თქვა მიტროპოლიტმა.

დღეს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს.

"როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის ყველა წევრის.

სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გიორგი გელხაურმა გააცნო.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 29 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 


close დახურვა