ხელოვნურად შექმნილ ორგანოს ვინ უხელმძღვანელებს, მნიშვნელობა არ აქვს, - ასე ეხმაურებიან ექსპერტები უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დანიშვნას.
მათი შეფასებით, უსაფრთხოების საბჭო არაქმედუნარიანი ორგანოა, რომელიც კრიზისული ვითარებების დროს არასოდეს შეკრებილა, მათ შორის არც მცოცავი ოკუპაციისა და არც ამერიკა-ირანის დაპირისპირებისას.
„როდესაც არსებობს უწყება, რომელსაც ფუნქცია არ გააჩნია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ უხელმძღვანელებს მას, იზორია იქნება ეს თუ გომელაური. ლამის ქვეყანა თავზე ჩამოგვექცეს, გამყოფი ხაზი თბილისთან გადმოვიდეს, აშშ-ირანის ომი დაიწყოს და საბჭო არ შეკრებილა ამ ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს ვინ უხელმძღვანელებს მას, ისედაც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ექსპერტმა გიორგი რუხაძემ.
გომელაურის დანიშვნას უარყოფითად აფასებს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი თეონა აქუბარდიაც. ის მიიჩნევს, რომ საბჭო კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.
„გომელაურის დანიშვნა უსაფრთხოების საბჭოს მდივნად კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საბჭო ვერ შეასრულებს იმ კანონით ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც არსებობს. ამის მიზეზი არის ერთის მხრივ ის უთანხმოება, რომელიც არსებობდა პრემიერ გახარიასა და მინისტრ გომელაურს შორის, იქნებოდა ეს პანკისის სპეცოპერაციასთან თუ იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური წარადგინა. მანამდე საბჭოს მდივნის პოსტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია იკავებდა. ცნობილია, რომ იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ინიშნება.