logo
ENG



მოვაჭრეების თქმით, თუ ლილო მოლს არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

24 იან 202113:35
3 წუთის საკითხავი
 
მოვაჭრეების თქმით, თუ ლილო მოლს არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

ლილო მოლის მოვაჭრეები ბაზრობის 1-ლი თებერვლიდან გახსნას ითხოვენ. 

მთავრობის გეგმის მიხედვით, ბაზრობის გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა, მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ეს არც 15 თებერვლიდან მოხდება. მათი აზრით, უსამართლობაა, როცა მოლები იხსნება, ბაზრობები კი არა მაშინ, როცა მათ ყველა რეგულაცია დაცული აქვთ. 

ლილო მოლის მოვაჭრეებმა აქცია დღესაც გამართეს და თქვეს, რომ თუ მათ 1-ლი თებერვლიდან მუშაობის უფლებას არ მისცემენ, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და ბაზრობას თვითნებურად გახსნიან. ასევე, შეიძლება გადაკეტონ სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთის და კარფურის შესასვლელი.

"მთავრობა რომ გამოდის და ამდენი ადამიანის ბედს რომ წყვეტს, რა უნდა ვქნათ ჩვენ. თუ იხსნება სავაჭრო ცენტრები, ჩვენც ვართ მოლი. თუ არ გაგვხსნიან პირველში, გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობა და გავხსნით ჩვენ თვითონ. რა წინააღმდეგობას გაგვიწევენ, არ ვიცი. გავხსნით დამოუკიდებლად". - თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.  

"გვაქვს სეზონური საქონელი. ჩვენ გაგვაჩერეს. ხალხმა მივიღეთ ნოემბრის ბოლოს საქონელი, სეზონური. გვაქვს დასაწყობებული. ისედაც აღარ გაიყიდება უკვე. იხსნება მოლები, ჩვენ დავრჩით ისე. თუ არ გაგვხსნიან, გადავკეტავთ მოლის შესასვლელს, ისთ ფოინთს, კარფურს და ჩავატარებთ სისტემატურ აქციებს". - თქვა სხვამ. 

ლილოს მოვაჭრეების პროტესტს დღეს ბაზრობის დირექტორი, გიორგი კვარაცხელიაც შეუერთდა. მისი თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ხელს მაქსიმალურად უწყობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას. 


close დახურვა