საზოგადოების მიერ უნდობლობის გამოცხადების ფონზე მიმდინარეობს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კვლევა EMC-იმ ჩაატარა. ირკვევა, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა შესარჩევ კონკურსს არ ენდობა. თავის მხრივ ტრადიციულ უნდობლობას უცხადებს კრიტიკული კვლევის შედეგებს მმართველი გუნდი. იმ მოქალაქეების 53% პროცენტი, ვისაც ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლეების შერჩევის შესახებ სმენია, ამ პროცესს არ ენდობა. ხალხის აზრი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა CRRC-თან ერთად გამოიკვლია. მათ 900 მოქალაქე გამოკითხეს.
მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ნდობას მხოლოდ 22% პროცენტი უცხადებს. კვლევის ავტორებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ამ პროცესის შესახებ საერთოდ არ სმენია. კითხვაზე - თუ რა არის ამ პროცესთან დაკავშირებული პირველი ასოციაცია 64% პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. კვლევა სექტემბერში ჩატარდა. მაშინ, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო. მოსამართლეების შერჩევის პროცესი უკვე პარლამენტშია. თუმცა დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ ნდობას მას ვერც საკანონმდებლო ორგანო დაუბრუნებს. საბოლოო კენჭისყრებამდე, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისთვის ცხადია, რომ პოლიტიკური გარიგება უკვე შემდგარია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაგზავნილ 20-კაციან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. დეპუტატების შეკითხვებს პარლამენტში დღეს მე-11 კანდიდატი ლევან მიქაბერიძე პასუხობდა. საპარლამენტო მოსმენებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 9 კანდიდატი ელოდება. ხვალ დეპუტატების შეკითხვებს სიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოსამართლე - იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე უპასუხებს.