მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დღეს, 9 აგვისტოს რუსეთმა ორი საბრძოლო დრონი დედაქალაქის მახლობლად ჩამოაგდო. ამის შესახებ ქალაქის მერი თავისი Telegram არხის საშუალებით იუწყება.
მისი თქმით სამიზნე მოსკოვი იყო. "ერთი დრონი დომოდედოვოს მახლობლად ჩამოაგდეს, მეორე კი მინსკის გზატკეცილთან." - ამბობს დედაქალაქის მერი.
რუსეთი დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
მოსკოვი ამ თვეში მესამედ გახდა სამხედრო დრონების თავდასხმის სამიზნე. 30 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ომი რუსეთისაკენ მიდიოდა", ხოლო სამიზნე ქვეყნის სიმბოლური ცენტრები და სამხედრო ბაზები გახდებოდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.