მოსკოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი ობიექტი უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, ტელეგრამზე დაწერა.
მისი განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. სობიანინს არ დაუკონკრეტებია, იმოქმედა თუ არა თავდასხმამ ქარხნის საქმიანობაზე.
დაზიანებული ობიექტი ეკუთვნის Gazprom Neft-ს. ქარხანა მოსკოვის რეგიონში ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. არსებული მონაცემებით, 2024 წელს მან 11.6 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა, მათ შორის 2.9 მილიონი ტონა ბენზინი და 3.2 მილიონი ტონა დიზელის საწვავი აწარმოა.
Reuters-ის ცნობით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების რაოდენობა გაორმაგდა. შედეგად, რამდენიმე საწარმოს მუშაობა სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდა, რამაც ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის წარმოების შემცირება გამოიწვია.
