სამოქალაქო აქტივისტები რუსეთის ყოფილი საელჩოდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავენ - ისინი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული თანამოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გარდა რამდენიმე დღის წინ უკანონოდ გასამართლებული ზაზა გახელაძისა, ოკუპაციური რეჟიმის პატიმრობაში არიან გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი, ირაკლი ბებუა და რამაზ ბეღელური.
მსვლელობის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიყენოს ეფექტიანი ბერკეტები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები.
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, აცხადებს, მმართველი პარტიის მიერ შერჩეული ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ და ამ პოლიტიკის გატარება უნდა დასრულდეს.
„ჩვენ ვითხოვეთ საზოგადოების გააქტიურებას და იმ მოთხოვნაში შემოერთებას, რაც გვაქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან რუსეთის ტყვეობაში. ჩამოგითვლით, ვინ არიან ესენი: გენადი ბესტაევი, რომელიც 14 თვის წინ გაიტაცა რეჟიმმა და მიუსაჯა ორწლიანი პატიმრობა; ზაზა გახელაძე, რომელიც ჯერ დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს - მიესაჯა 12 წელი და 6 თვე პატიმრობა; ლაშა ხეთერელი- შვიდი თვის წინ გაიტაცა რეჟიმმა და მიუსაჯა ერთი წელი; ირაკლი ბებუა - მას ცხრა წელი მიუსაჯა რეჟიმმა; რამაზ ბეღელური ხუთი დღის წინ გაიტაცეს და ეს ადამიანი ელოდება სასჯელს. ერთად მოვთხოვოთ ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებულ ეფექტური ბერკეტები, რომლის გამოყენებასაც ის თავს არიდებს. არგაღიზიანების პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ამ პოლიტიკის ცხრაწლიანი ციკლის შედეგად ჩვენ დავკარგეთ 55 მლნ კვ. მ ტერიტორიები, რომელიც არ შედიოდა ცხინვალის რეგიონის საზღვრებში, არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს", - აცხადებს დავით ქაცარავა.
სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, შეუერთდნენ აქციას და მათთან ერთად გააპროტესტონ ოკუპაციური რეჟიმის უკანონო ქმედებებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის სამოქალაქო აქტივისტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებულთა მხარდასაჭერი პირველი აქცია - ე.წ. საზღვრის მიმდებარედ რეჟიმის მიერ დატყვევებულებს რამდენჯერმე გამოუცხადეს მხარდაჭერა.
ბოლო გახმაურებული საქმე, რაც ოკუპანტების უკანონო ქმედებებს უკავშირდება, ზაზა გახელაძის დაპატიმრებაა.
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დე-ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.