სვანეთში, მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
როგორც ფორმულას მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, გეოლოგების ჩასვლას ადგილზე დღის ბოლომდე ელოდებიან.
მისივე თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება. როგორც მესტიის მერმა აღნიშნა, მეყწერი სოფელ ჟაბეში ღელეს ადიდებამ გამოიწვია.
"ღელე ადიდდა და მეწყერი წამოიღო. მოსახლეობის ევაკუაცია ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, გეოლოგებს ველოდებით დღის ბოლომდე ჩამოვლენ, მოხდება შესწავლა. მძიმე ტექნიკა მუშაობს, პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს და როდესაც გეოლოგები ჩაერთვებიან და გვეტყვიან რა იქნება გასაკეთებელი, უკვე დაიწყება სამუშოები", - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს.
"უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა. ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.