logo
ENG



მუჯირი დაპირისპირებაზე: მელიას დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ შუაშია

13 ნოე 202015:50
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით მუჯირი ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს, 11 ნოემბერს მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არც ვეტერანი ფეხბურთელი არც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი არ დაპირისპირებია ქართველ გულშემატკივარს. მუჯირი აცხადებს, რომ აქცია ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაორგანიზებული იყო.

მუჯირის თქმით, მაშინ, როდესაც ნამდვილი გულშემატკივრები განცდილ მარცხზე ნერვიულობენ, ფეხბურთის ფედერაციასთან პროვოკატორთა ჯგუფი მივიდა.

"არავინ ფეხბურთის ფედერაციაში, მათ შორის ის ვეტერანი ფეხბურთელებიც, რომლებიც რამდენიმე მედიამ ახსენა სიუჟეტებში, არც ერთი ფეხბურთის არც ქომაგი, არც ვეტერანი ფეხბურთელი არც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი არ დაპირისპირებია ქართველ გულშემატკივარს. უნდა ვთქვათ, რომ ნიკა მელიასა და კახა ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს არაფერ შუაშია ნამდვილად და სამწუხაროა, რომ პროვოკატორები, რომლებიც არიან და მოქმედებენ ანტისახელმწიფოებრივად. მათ შეიძლება დაუპირისპირდნენ ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არავინ დაპირისპირებია ქართველ გულშემატკივარს", - განაცხადა მუჯირმა. 

ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ, მოქალაქეებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა ფედერაციის თანამშრომელი და ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი, მან აქტივისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

აქტივისტების პროტესტის მიზეზი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული მატჩი გახდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ამასთან სტადიონზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. 


close დახურვა