logo
ENG



მშვენიერაძე: ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს

08 სექ 202111:38
3 წუთის საკითხავი
 
მშვენიერაძე: ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას, მისი ვარაუდით, ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს. მშვენიერაძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე გამოამზეურებენ. 

"2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა ხომ გახსოვთ? ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა? დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი. როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან", - წერს ის. 

7 სექტემბერს რუსთავი 2-თან ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძის მსგავსად ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი და აღნიშნავს, რომ ეს უნდა გააკეთონ "დაუყოვნებლივ". იქვე კობახიძემ ახსენა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და თქვა, რომ ტესტის დაყოვნება, აჩენს კითხვებს დადებითი პასუხისგან თავის არიდებაზე.

"ტესტის დაყოვნება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება თავი აირიდო დადებითი პასუხისგან, ხო? ჯანსაღი პოზიცია რომ ჰქონოდა, ამ შემთხვევაში გახარიას და წასულიყო დღესვე ხვალვე ზეგ ნარკოტესტის ჩასაბარებლად, ამით მოხსნიდა ყველა კითხვას, მაგრამ რატომღაც მან სხვა გზა აირჩია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ასევე რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს. 

"ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ", - თქვა მან.

ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მან შარდის ანალიზი ჩააბარა და ნარკოტიკზე "სუფთაა". ამასთან, კალაძემ თქვა, რომ კონკურენტებთან დებატებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დათანხმდება.

 


close დახურვა