logo
ENG



მშვენიერაძე სარჩელზე: ეს არის გზავნილი ტელევიზიისთვის, რომ მათ შეიძლება საფრთხე დაემუქროთ

30 სექ 202114:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/30/hjb27l2tm24nb9q.jpg

იურისტი გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ არის გზავნილი ტელეკომპანია ფორმულასა და მისი თანამშრომლებისთვის. 

მშვენიერაძის თქმით, ხელისუფლებას ფორმულა კრიტიკულობის გამო არ მოსწონს და როგორც ჩანს, ტელევიზიასა და მისი დამფუძნებელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

"გვახსოვს ღარიბაშვილის განცხადება პარლამენტში, რომ კეზერაშვილის საქმეს მალე მიეხედებოდა, მოყვა უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ორი ქვედა ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ. ამიტომ, ეს კონტექსტი გვაჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ხელისუფლებაში, მათ შორის როგორც ბატონი კეზერაშვილის, ასევე მის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებულ ტელევიზიასთან მიმართებაში, რადგან ეს ტელევიზია ძალიან არ მოსწონს ხელისუფლებას. ეს განცხადება არის გზავნილი ტელევიზიისთვის და მისი თანამშრომლებისთვის, რომ ისინი იყვნენ ფრთხილად, ან იცოდნენ, რომ მათ შეიძლება საფრთხე დაემუქროთ", - ამბობს მშვენიერაძე.

როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე არსებობს დამოუკიდებელი მედიის დევნის პრეცედენტი და ნათელია, რომ ამ საქმის უკანაც ტელევიზიის გაკონტროლების ინტერესია. 

"ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც არ არსებობს პოლიტიკური დევნის ან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის პრეცედენტები, მაშინ, შესაძლებელია, ეს საქმე ყოფილიყო აღქმული ცალკე, როგორც რიგითი, მიმდინარე სამართალწარმოება, მაგრამ ჩვენ ასეთ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ და ცხადია, ჩვენთვის ძალიან ნათელია, რომ ამ საქმის უკან შესაძლებელია იყოს ინტერესი, რაც უკავშირდება ტელევიზიის გაკონტროლებას ან მისი წილის დაყადაღებას, რაც ირიბი ზემოქმედების საშუალება იქნება სარედაქციო პოლიტიკაზე", - თქვა მშვენიერაძემ.

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.

7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.

პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.

იმ დროს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან და კიდევ ორმა მოსამართლემ - ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა განიხილეს ყოფილი მინისტრის საქმე.

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო. 

დღეს ის ახალ სარჩელსაც გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გაფლანგვის მსგავსი საქმე ბევრია და გამოძიება "ყველა ფაქტს გასცემს პასუხს". 


close დახურვა