logo
ENG



მშვილდაძე: საპატრიარქოს 30 მილიონს ვუხდით და სურგულაძემ რატომ უნდა ილოცოს ჩვენთვის

09 დეკ 201923:55
3 წუთის საკითხავი
 
f5k97uqb472hff9.png

დღეს 9 დეკემბერია, ორშაბათი და ასეთი კარგი ორშაბათი დიდი ხანია აღარ ყოფილა – რუსეთი ყველა სპორტული ღონისძიებიდან მოკვეთეს, - ამ ფრაზით გახსნა გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან“ ერთად წამყვანმა მიშა მშვილდაძემ.

მშვილდაძის განცხადებით, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ოლიმპიურ თამაშებსა და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ვერც ერთ საერთაშორისო ტურნირს ვერ უმასპინძლებს და ვერც მის ჩატარებაზე გააკეთებენ განაცხადს.

მშვილდაძის თქმით, გარდა სპორტსმენებისა, აკრძალვა ეხებათ რუს სახელმწიფო მოხელეებსაც და მათ საერთაშორისო ტურნირზე დასწრება აეკრძალათ. აკრძალვა გავრილოვსაც ეხება.

„რამეში მსოფლიო ჩემპიონატს თუ ვუმასპინძლებთ, სპორტის სასახლეში ვლადიმერ პუტინი რომ მოვიდეს, არ უნდა შეუშვათ... არც გავრილოვი. ბილეთებიც რომ ჰქონდეთ, მაინც არ უნდა დაესწრონ თამაშებს, თორემ დაგვაჯარიმებენ. მართლა - ამ შემთხვევაში პარლამენტშიც კი სჯობს რომ დასვათ... სპორტის სასახლეა პრობლემა“, - განაცხადა მშვილდაძემ.

თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და წამყვანმა რუსეთის დისკვალიფიკაციის უარყოფით მხარეზეც გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთის დისკვალიფიკაცია კი კარგია, მაგრამ ერთ რამეზე დამწყდა გული – 4 წელი ვეღარ ვნახავთ როგორ ვჭმუჭნით რუსებს ჭიდაობასა და ძიუდოში, თუმცა, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონებს აქ უკვე ისე ვექცევით, ალბათ, მაინც ასე სჯობდა“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანმა ქართველი მსოფლიო ჩემპიონის ფეისბუქის სტატუსიც განიხილა, სადაც ლაშა ბექაურმა დეტალურად აღწერა თუ როგორც სცემა მას 10-მა პოლიციელმა.

„მგონი დროა ჩვენმა სპორტსმენებმაც დაიწყონ დოპინგის მოხმარება, თორემ 10 პოლიციელთან მარტო ვარჯიშითა და სწორი კვებით გამკლავება ძალიან რთულია“, - განაცხადა წამყვანმა.

ძიუდოდან საუკუნის დებატებზე - მიშა მშვილდაძე „იმედზე“ გასულ გადაცემას შეეხო. 

„ანუ, სახელისუფლებო არხზე გადიოდა ხელისუფლების ორი დეპუტატის კამათი – იუთუბზე რომ ვიდეოს უყურებ და იუთუბის რეკლამა ამოხტება ხოლმე, ეგეთი გადაცემა იყო.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჟურნალისტის სუპერპროფესიონალიზმი – მან ურთულეს ზღვარზე გაიარა, რომ რომელიმე ოცნების დეპუტატს არ მიმხრობოდა, მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნა ნეოტრალურობა და არც ერთ ოცნებას არ მიემხრო. ყოჩაღ! მოკლედ, ყველაფერი კარგი იყო. უბრალოდ, გამოკითხვა აკლდათ: „ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას – 87% ქართულ ოცნებას, 13% ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მშვილდაძემ.

რისთვის ლოცულობენ ადამიანები? გადაცემის წამყვანმა კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმად ადამიანები ლოცულობენ ოჯახის წევრების კარგად ყოფნაზე, ღმერთისთვის მადლობის გადახდაზე და ა.შ. ანუ ადამიანები ღმერთს ისეთ რაღაცებზე არ აწუხებენ, რისი გაკეთებაც თავადაც მარტივად შეუძლიათ. თუმცა, საკმაოდ უცნაურ თემაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა.სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან სურგულაძემ გადადგომაზე განცხადება დაწერა და განაცხადა: ვილოცებ რეფორმის წარმატებისთვის.

მშვილდაძემ გარდა იმისა, რომ თავად განცხადების შინაარსზე ისაუბრა, აგრეთვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არიან სურგულაძეზე უფრო კომპეტენტური ადამიანები, ვინც საქართველოს მოსახლეობაზე უნდა ილოცოს.

„ერთდროულად საშიში და არასწორი განცხადებაა. საშიში განცხადებაა იმიტომ, რომ ამ ადამიანს ჩვენი უზრუნველი სიბერე და უკვე ნახევარი მილიარდი ლარი ებარა...და არასწორი  იმიტომ არის, რომ საპატრიარქოს ყოველწლიურად 30 მილიონს ვუხდით და სურგულაძემ რატომ უნდა ილოცოს ჩვენთვის? - თუ ლოცვაზეა, კომპეტენტური კადრები რა მაშინ. ვინც უზრუნველი სიბერე უნდა უზრუნველყოს და ფული მოგვცეს, ის ლოცვას გვპირდება და ვინც უნდა ლოცულობდეს ის ხმას არ იღებს და ასლარიანებს არიგებს“, - განაცხადა წამყვანმა.

დღეს გადაცემის რუბრიკაში „დღის აღადავებულები“ თავად პრემიერი და პრეზიდენტი მოხვდნენ. გახარია სურგულაძის გადადგომას ისე გამოეხმაურა, რომ ავტომატურად მოხვდა რუბრიკაში „დღის აღადავებულები":

„ადამიანმა წასვლა მინდაო, ძალით ხომ არ ვამუშავებ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის მეორე აღადავებული კი სალომე ზურაბიშვილი გახდა განცხადებით:

„ჩემი აღსაყდრების დღიდან პოლარიზაციასთან ბრძოლას ვცდილობ“.

დიდი ხნის შემდეგ პრეზიდენტი საზოგადოებასთან გამოჩნდა და გვამცნო, რომ ვერ გაუგია პრეზიდენტი თუ პატრიარქი.

მშვილდაძემ გადაცემა ლელა კაკულიას განცხადებით დაასრულა და იქვე კაკულიასა და ძიძიგურს შორის არსებულ მსგავსებას გაუსვა ხაზი:

„გადაცემას დავასრულებთ ლელა კაკულიას განცხადებით – ვხედავ ოლიგარქი ბრდღვინავს.

შეიძლება ზოგს ჯერა ლელა კაკულიასი, ზოგს არა, მაგრამ იცით მთავარი რა არის?.. მკითხავები, წინასწარმეტყველები, ასტროლოგები, შამანები და ზვიად ძიძიგურიც რომ მიგატოვებს, ესე იგი მართლა ცუდად გაქვს საქმე“, - განაცხადა მშვილდაძემ.


close დახურვა