logo
ENG



მშვილდაძე უმრავლესობას:გირჩევთ პროპორციული დანიშნოთ, არ ხართ თქვენ ინგლისურის მსწავლელნი

27 იან 202023:16
3 წუთის საკითხავი
 
lfcs3eyf9dno84d.jpg

საღამო მშვიდობისა მეგობრებო! დღეს 27 იანვარია, ორშაბათი, თქვენ უყურებთ თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან „ქართული ოცნების" კრიტიკის ახალი პარტია ჩამოვიდა, - ამ სიტყვებით გახსნა გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ წამყვანმა მიშა მშვილდაძემ.

მშვილდაძის თქმით, აქამდე კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიურად აკრიტიკებდნენ, ხოლო ახლა პირდაპირ თქვეს - საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჰყავსო.

„ხომ იცით გამოთქმა ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებსო? კონგრესმენი პიტ ოლსონი ამ გამოთქმას არ ეთანხმება და სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!" „ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ადამ კინზინგერს: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს" – განაცხადა პიტ ოლსონმა.

აქამდე დიპლომატიურად გვაკრიტიკებდნენ. ახლა პირდაპირ აჯახეს მთავრობას კორუმპირებულები ხართო...“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-თან ოპოზიციამ უფრო სწრაფი და ეფექტური მექანიზმებით  იმუშავა, ვიდრე მმართველმა გუნდმა და სწორედ ამიტომ აკრიტიკებს მათ ამერიკა.

„აქედან ორი გამოსავალია ბატონო გია –  ან პროპორციული უნდა დანიშნოთ, რომ ხალხის გადაგდებისთვის ამერიკამ აღარ გაგაკრიტიკოთ, ან  ერთმა კაცმა მაინც ისწავლოთ ინგლისური ენა რომ  თქვენი სათქმელი გასაგებად მიაწვდინოთ კონგრესამდე. მე გირჩევთ პროპორციული დანიშნოთ იმიტომ, რომ არ ხართ თქვენ ინგლისურის მსწავლელნი - შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მიზანია ნართანიანი მრავლობითის პოპულარიზაცია“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძე კომპანია „ფრონტერას“ თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ის კონგრესმენების კრიტიკის „გაპრავების“ ახალი ვერსიაა.

„ხელისუფლებაში კონგრესმენების კრიტიკის გაპრავების სხვა ვერსიებიც მოიფიქრეს. არის ასეთი კომპანია ამერიკული კომპანია „ფრონტერა", რომელსაც საქართველოსთან სასამართლო დავა აქვს.

ოცნებაში ამბობენ შედით „ფრონტერას“ საიტზე და ნახავთ ფული აქვს ჩარიცხული ბრაიან ბაბინსობაბინმაც გაგვაკრიტიკა, ყველაზე აღარ გიყვებით უბრალოდ, შეზღუდული ვართ დროში.

გადავამოწმე და ბაბინს მართლაც ჩაურიცხეს 3 ათასი დოლარი. ანუ, ამათი აზრით ამერიკის კონგრესმენმა გააკეთა კრიტიკული განცხადება სულ რაღაც 3 ათას დოლარად.... ანუ, საქართველოში 3 ბოტის ხელფასის ფასად ამერიკელმა კონგრესმენმა გაგვაკრიტიკა.  ანუ, ბიძინას მთელი კონგრესის მოსყიდვა შეუძლია მილიონ ორასი ათას დოლარად. ანუ, ბიძინას მილიონ ორასი ათასად შეუძლია ტრამპი გადააყენოს და რუსეთს ომი გამოუცხადოს. ღმერთო დალოცე ამერიკა!“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძე თბილისში აშშ-ს საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაღდადში ამერიკის საელჩოსთან სამი რაკეტა ჩამოვარდა, თბილისში კი ამერიკის საელჩოსთან ორი რაკეტა სიტყვით გამოვიდა.

„აშშ-ის საელჩოს არც თბილისში ჰქონდა კარგი დღეები – „პატრიოტთა ალიანსმა" საპროტესტო აქცია გაუმართა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაღდადში ამერიკის საელჩოსთან სამი რაკეტა ჩამოვარდა, თბილისში კი ამერიკის საელჩოსთან ორი რაკეტა სიტყვით გამოვიდა.

აქციის მონაწილეების ნაწილს წარმოდგენა არ ჰქონდა რა აქციაზე იმყოფებოდა და მეორე ნაწილს  რა უბანში იყვნენ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამერიკას არ ეწყინება და მშვიდად გადავალ სხვა თემებზე“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანი ბათუმში ეკლესიის გაქურდვის ფაქტსაც შეეხო.

„ბათუმში ეკლესია გაქურდეს. ქვეყნაში, რომლის პრეზიდენტი მაცხოვრის საფლავის მცველია, ეკლესიის გაქურდვის ფაქტი ორმაგად დამაფიქრებელია.  ქურდებმა ეკლესიიდან 100 ლარამდე თანხა მოიპარეს, სავარაუდოდ იქვე მოინანიეს და ადგილიდან მიიმალნენ.

100 ლარად რამდენად ღირდა ასეთი ცოდვის დადება არ ვიცი. მართლა გულით რომ ეთხოვათ ღმერთისთვის, იქნებ ქუჩაშიც ეპოვათ ეგ 100 ლარი.

ამ ამბავში ერთადერთი კარგი ის არის, რომ ვინაიდან თანხა დიდი არ იყო, ბათუმში ჯვრისწერა არ გაძვირდება“, - განაცხადა მშვილდაძემ.

გადაცემის წამყვანმა თბილისში ტურისტისთვის მოპარული ველოსიპედის ფაქტიც არ დატოვა უყურადღებოდ და განაცხადა, რომ გამოთქმას ყველა გზა რომში მიდის, დაემატა ფრაზა – თუ „საქართველოს გავლით არ მიდიხარ".

„ერთ წელზე მეტია ვმოგზაურობ და ველოსიპედით 11 ქვეყანა და 7500 კმ გავიარე... მოგზაურობის გაგრძელება მინდა" – დაწერა მოგზაურმა.

დიდი ამბავი მოყვა ამ ნიუსს - „მოგვეჭრა თავი“, „დედა რა სირცხვილია“ და ეგეთები... მე არ მგონია, რომ ქვეყანას მოგვეჭრა თავი. გააჩნია როგორ შევხედავთ ამ ნიუსს...

ჯუმბერ ლეჟავამ დედამიწა მოიარა ისე, რომ არავის მოუპარავს მისთვის ველოსიპედი

...ასე თუ შევხედავთ საკითხს კი, კემპბელის ამბავი სირცხვილია ნამდვილად, მაგრამ მოდი ასე შევხედოთ: ჯეიმს კუკი საერთოდ მოხარშეს ჰავაის კუნძულებზე“, - განაცხადა მშვილდაძემ.

ბოლოს მშვილდაძე კორონავირუსაც გამოეხმაურა.

„ჩინეთში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსი შესაძლოა იმაზე ადრე დამარცხდეს, ვიდრე ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სისუსტეები მტკივნეულად გამოვლინდება, თუმცა, მანამდე უკიდურესი ყურადღებით აეროპორტებში, პორტებში, და ყველგან საზღვრებზე შეუმოწმებლად არავინ შემოვუშვათ, ყურადღებით და ფრთხილად და თუ სადმე დაინახავთ რომ გველი ღამურას ჭამს, ის გველი არ შეჭამოთ“, - განაცხადა მშვილდაძემ.


close დახურვა