logo
ENG



მშივრები ვართ, ერთჯერადი 300 ლარიც არ გვეძლევა - ე.წ. დეზერტირების ბაზარი კვლავ დაკეტილია

28 აპრ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

შეზღუდვების შემსუბუქებიდან მეორე დღესაც, მუშაობა არ განუახლებია ე.წ. დეზერტირების ბაზარს. ადგილზე მხოლოდ საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს. 

მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობს. 

„ვაჭრობის უფლებას არ გვაძლევენ, თორემ ბაზარში გინდა შეხვალ და გინდა გამოხვალ. გინდა სახლში ყოფილხარ ცარიელი და გინდა ქუჩაში. უნდა დადგე და იმუშაო. ბაზრის ადმინისტრაციას რასაც ეუბნებიან, იმას ეუბნებიან. ტელევიზიაში აცხადებენ, რომ იქნება კილოობაში გაყიდვაო და არ არის. არ აძლევენ ბაზარს საშუალებას, რომ იმუშაოს“, - აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

კიდევ ერთი ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებული კი ამბობს, რომ მას არც მუშაობის საშუალება ეძლევა და ვერც მთავრობის მიერ დაწესებულ ერთჯერად დახმარებას იღებს.

„მშივრები ვართ, ფაქტობრივად, ბაზარში მოვაჭრეს იმის თავი აქვს, რომ კვირაობით თავი შეინახოს? ვართ დღიურ ლუკმაზე დამოკიდებულებაზე. ერთჯერადი დახმარებაც არ გვეძლევა. შვიდსულიანი ოჯახი ვართ და 300 ლარი რას გვეყოფა? ისიც არ გვეძლევა“, - აცხადებს მოვაჭრე. 

ადამიანები, კი ვინც საბითუმო ვაჭრობას ეწევიან, აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მათ მუშაობის საშუალება აქვთ. ის ტერიტორია კი, სადაც ისინი იმყოფებიან, ლენტებითაა შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 300-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან მიიღებენ მხოლოდ ის თვითდასაქმებული პირები, ვინც იურიდიული პირის გაცემულ ცნობას წარადგენს.

თამილა ბარკალაიას განცხადებით, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები ვერ წარადგენენ ცნობას სამუშაო ადგილის შესახებ, მათი აღრიცხვაც სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ამავდროულად, კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო სიტუაციის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება 27 აპრილიდან დაიწყო. ერთ-ერთი შეზღუდვა სწორედ აგრარულ ბაზრებს შეეხო, მაგრამ მათ მკაცრი რეკომენდაციების დაცვაც დაევალათ. 

ამავე თემაზე: შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მუშაობა არ განუახლებია ნავთლუღის ბაზარს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვერ აკმაყოფილებს. ფაქტმა ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია.

იხილეთ ვის დაეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.


close დახურვა