logo
ENG



მშობლები: ველოდებით პრემიერმინისტრის საბოლოო პასუხს, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს

24 აპრ 202314:12
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა
ვახო ქარელი/ფორმულა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ისინი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "საბოლოო გადაწყვეტილებას" ელიან.

მათ სურთ, რომ პრემიერმინისტრმა "დაზუსტებით" უთხრას მშობლებს პასუხი აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ბავშვებისთვის მედიკამენტს.

ისინი ასევე ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, არ დანებდებიან და გააგრძელებენ ბრძოლას.

"ჩვენ მშობლები ვართ ძალიან მკაცრნი, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში გაყინულნი და დამცირებულნი. ასეთი არასდროს არ ვყოფილვართ, მაშინაც არ ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ გვქონდა უმძიმესი ღამე, ვიყავით წვიმაში, სიცივეში და კანკალში, მაინც არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. ამიტომ ახლა ველოდებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, გვითხრას საბოლოო პასუხი, გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს. წავალთ ჩვენ აქედან სახლში მედიკამენტის მიღების დაპირებით არა, დაზუსტებით. ჩვენ ერთი წელი ვითმინეთ, წელიწადი და ოთხი თვე ჯანდაცვის სამინისტროდან დაპირება, ყოველდღიური და ყოველთვიური ამიტომაც, არანაირი დაპირება, მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს, ჩვენს შვილებს სწირავს თუ არა სამუდამოდ ტკივილისთვის , ტანჯვისთვის და ინვალიდობისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ მშობლები არ დავიღლებით. თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება და იქნება, რომ ჩვენი შვილები არ არიან ამ სახელმწიფოსგან აღიარებულები, არ დავტოვებ ამ ქვეყანას, აქ ვიბრძოლებ, ამ ქვეყანაში ჩემი სამი შვილით. დღეს თუ ჩვენ დავმარცხდით დამარცხდება საქართველოს ყველა ბავშვი."- ამბობენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები.

* * * 

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მე-6 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ - ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.

19 აპრილს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა, თუმცა შეხვედრა მშობლებისთვის უშედეგო აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მშობლემა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მინისტრი მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ცრუობს. მისივე თქმით, სხდომაზე არ მიეცათ კონკრეტული კითხვების დასმის შესახლებლობა და მინისტრმა მხოლოდ მისთვის საჭირო შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მშობლებს დეტალურად გააცნო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მინისტრი ირწმუნება, რომ არც ერთ ქვეყანაში მედიკამენტ ვოზორიტიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არ ხდება.

აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება].

იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას.

მედიკამენტ ვოზორიტიდს შეუძლია დაეხმაროს აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებს. ამ მედიკამენტით ამერიკასა და ევროპაში უკვე სარგებლობენ.

ის ბოჭავს სპეციფიკურ რეცეპტორს, რომელსაც ეწოდება ნატრიურეზული პეპტიდური რეცეპტორ-B, რომელიც ამცირებს ზრდის რეგულაციის გენის აქტივობას და ასტიმულირებს ძვლის ზრდას.

კომპანია BioMarin, რომელმაც შექმნა წამალი ვოზორიტიდი და რომლის მედიკამენტიც VOXZOGO (vosoritide) დადასტურებულია, როგორც ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA)-ის ასევე ევროკავშირში სამედიცინო პროდუქტების ზედემხედველის - ევროპის მედიცინის სააგენტოს (EMA) მიერ, წამლით 1-წლიანი მკურნალობის საშუალო ფასად 2021 წელს $300 000 დოლარს ასახელებდა.


close დახურვა