მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან სამოქალაქო აქტივისტებს ქართული ოცნების პარტაქტივი და ქალაქის მერი დახვდა, მათ აქციის მონაწილეებს მაჟორიტარის ნახვის საშუალება არ მისცეს. მოძრაობა გაბედეს წევრებს მცხეთის მერი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიზიკური ანგარიშსწორებისას აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დაგდების შემდეგაც ურტყამდნენ. 2 დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია. ფიზიკური წინააღმდეგობისა და ანგარიშსწორების მიუხედავად ე.წ. ამბოხებული დეპუტატის ოფისთან აქციის მონაწილეებმა ვერცხლის 41 მონეტა მაინც მიიტანეს.
მოძრაობა გაბედეს წევრებს ადგილობრივი მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ინციდენტში მერიის რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობდა
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ თანამშრომლები მცხეთის მერმა დაახვედრა,რომელიც დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა.ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მათი ინფორმაციით, მცხეთის საკრებულოს ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ორუჯაშვილი მოანწილეობდა
მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა მცხეთის მაჟორიტარს პროპორციული არჩევნების ჩაგდების სიმბოლოდ 41 ვერცხლის მონეტა მიუტანეს და მასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანებები მიიღო აქციის ოთხმა მონაწილემ, 7 მათგანი კი დააკავეს და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს. დაკავებულთა შორის იყვნენ ევროპული საქართველოს წევრი და შალვა ნათელაშვილის შვილი. მერიის თანამშრომლებიდან, კი რომლებიც აქციის მონაწილეებს გაუსწორდნენ, პოლიციას არ დაუკავებია.
დაზიანებები იმდენად მძიმე იყო,რომ აქციის ორი მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ერთ-ერთ მათგანს ქალა-ტვინის დახურული ტრამვა აქვს.
აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მცხეთაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
მცხეთის მერიასთან მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.ბრალდებულთა შორის მხოლოდ აქტივისტები არიან. ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი.