სახალხო დამცველის ინფორმაციით, კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ა(ა)იპ "ხანდაზმულთა სავანე ბეთელს" 17 ივნისს ეწვია, რის შემდეგადაც მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში მძიმე ანტისანიტარიაა და ბენეფიციარების ჰიგიენას ყურადღება არ ექცევა.
წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც 21 ხანდაზმული იმყოფება, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აფინანსებს და სახელმწიფო პასუხისმგებელია საცხოვრებლის მონიტორინგსა და სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.
„სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციართან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია“ - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ომბუდსმენის ცნობით, ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. შენობაში ყველა ბენეფიციარისთვის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ უგულებელყოფილია ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვაც. დაწესებულებას არ ჰყავს ექიმი და სამედიცინო დოკუმენტაცია მწირი და არასრულია.
დაწესებულებაში ასევე არ არსებობს სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. ამიტომ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა საკვების კვებითი ღირებულების შეფასება ვერ შეძლეს.
ომბუდსმენის ცნობით, ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები. მათი ანაზღაურება კი დაბალია სხვა მსგავს დაწესებულებებთან შედარებით. ამასთანავე დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი.
„ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით“ - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება შემაშფოთებელია.
”სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ, ზემოთაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა - ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო.“ - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით, რაც ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც აღვივებს.
სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ თვალსაჩინოა, ხანდაზმულების მხრიდან ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ისინი არ გამოთქვამდნენ წუხილს ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს, მაშინ როცა მარტო დარჩენისას მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში არსებულ ცხოვრების გამოწვევებს.
ომბუდსმენის ოფისი აცხადებს, რომ წნორის "ხანდაზმულთა სავანე ბეთელში" ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს.
მათ უწყებებისგან მოითხოვეს, მყისიერად მოახდინონ რეაგირება ჩამოთვლილ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების სხვა, ისეთ დაწესებულებებში გადაყვანა, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.