ოპოზიციური პარტიების ლიდერები მისვლას აპირებენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას პროცესია ჩანიშნული. როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, მათ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ და მიიჩნევენ, რომ სასამართლო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.
„ხვალ 09:30 საათზე ვაპირებ, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მივიდე. ვერაფრის კარგის მოლოდინი ვერ მექნება ხელისუფლებისგან. ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ყველაფერი ეს დროებითია, რომელიც მალე დამთავრდება და ნიკა მელია არანაირ გადაწყვეტილებას არ შეუშინდება“, - აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ციხეში, მით უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.
„როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული მელიასთან დაკავშირებით, ეს ამ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. მან ადრეც დააანონსა, რომ დიდი ხნით ჩაჯდებიან და ასე შემდეგ. ეს გადაწყვეტილება მის ბედს ვერ გადაარჩენს, პირიქით - უფრო დაამძიმებს. რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მისი ტრაგიკული ბედი მომავალში. მისი პოლიტიკური სიგიჟის მძევლები ვერ ვიქნებით", - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.