logo
ENG



ნადირაშვილი: ამაზრზენი იყო, როგორ უბოდიშებდნენ იზორიას ძმას პატრულის მაღალჩინოსნები

24 იან 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპულ საქართველოში“ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშრებულ ინციდენტზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და ორმაგი სტანდარტები მოქმედებს.

ნადირაშვილის თქმით, „ევროპული საქართველო“ ფაქტზე სრულფასოვან გამოძიებას იწყებს.

„როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავის მოვალეობას და დააკავეს, მათი აზრით, წესრიგის დამრღვევი, შემდეგ აიძულეს დანაშაული ჩაედინათ და სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ძალიან ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით, როგორ უხდიდნენ პატრულის მაღალჩინოსნები ბოდიშებს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ კადრების დამალვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი.

როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ამის გამო მას საყვედური კი არ უთხრეს, პირიქით - დააწინაურეს. ბოლო 5 თვეა, იზორიას ორი მაღალი თანამდებობა უჭირავს და ვერავინ გამახსენებს, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში მან რამე გააკეთა. ჩვენ იზორიას ვინახავთ და პენსიას ვუხდით. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ვიცით, რომ ათობით ადამიანი, თითქოსდა, პოლიციელების დაუმორჩილებლობის გამო, ციხეში ზის“, - განაცხადა ნადირაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.


close დახურვა