logo
ENG



ნადირაშვილი: კალაძე მატყუარაა, დაპირების მიუხედავად, სიტი პარკის გადასახადი ბიუჯეტს დააწვა

15 თებ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკისთვის“ 4,3 მილიონი დოლარის გადახდას ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ბიუჯეტს ძარცვავს. როგორც ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, კალაძემ დაპირება არ შეასრულა და „სიტი პარკისთვის“ გადასახდელი თანხა ბიუჯეტს დააწვა.

„კახი კალაძე ჩაძვრა ამ ბიზნესში და სიტი პარკის ნაცვლად, სწორედ კალაძე და მისი გარემოცვა სარგებლობდა ამ ბიზნესით. ეს არის ცვლილება, რომელიც მიიღეს თბილისელებმა. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ კახი კალაძე არის მატყუარა. დაპირების მიუხედავად, ბიუჯეტს დააწვა ეს გადასახადი“, - განაცხადა ნადრაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი კი მიიჩნევს, რომ კალაძეზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რადგან მან დედაქალაქი 12 მილიონით აზარალა. 

„კიდევ ერთი მარტივი დადასტურებაა, რომ კალაძე მართავს და ძარცვავს თბილისელების თანხებსა და ბიუჯეტს. მილიონერმა კაცმა ერთი ხელმოწერით თბილისელები 12 მილიონით აზარალა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამ მერზე დაიწყებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოახერხეს იმდენი, რომ სიტი პარკს ჯარიმას უხდიან, თორემ ეს კომპანია რომ გასაყვანი იყო, ამაზე ოპოზიცია შეთანხმებული იყო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომპანია „სიტი პარკმა“ დავა შეწყვიტა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სიტი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. „სიტი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და საარბიტრაჟო დავაზე უარი განაცხადა.

„შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სიტი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სიტი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები”, - წერია განცხადებაში.

თბილისის მერიამ კომპანია „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა.

2018 წლის 10 აპრილს თბილისის მერიის ახალმა მენეჯერმა „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. „სიტი პარკმა“ სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში წამოიწყო.

„თბილისის მერიის“ განცხადება.


close დახურვა