logo
ENG



ნაზი ჯანეზაშვილი: 5 ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია სასამართლო რეფორმის დასაწყებად 

24 მარ 202119:12
3 წუთის საკითხავი
 
ნაზი ჯანეზაშვილი: 5 ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია სასამართლო რეფორმის დასაწყებად 

აშშ-ის სენატში 23 მარტს გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემას მიემართებოდა, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობის 5 საკითხს სთავაზობს, რომელიც რეფორმის დასაწყებად არის აუცილებელი. 

"პირველი არის კლანური მმართველობისგან სასამართლოს გათავისუფლება. ვერ წარმომიდგენია სასმართლოს განვითარების პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ ამ სასამართლოში ლიდერებად დარჩებიან მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვა ის პირები, რომლებმაც მოგვიტანეს ის მძიმე შედეგები, რაც სასამართლოშია. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან და განახლდეს.

მეორე - სასამართლოს ნეპოტიზმისგან გათავისუფლება, როგორც აპარატის, ასევე მოსამართლეების დონეზე. არ შეიძლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ნეპოტიზმის პრაქტიკით დახუნძლული იყოს.

მესამე - საქმეთა განაწილების წესის შეცვლა და სისტემური ანალიზი, ვინაიდან ყევლაზე მთავარი მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის ისაა, როგორ მიდის ესა თუ ის საქმე მოსამართლესთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ელექტრონული განაწილების სისტემა, ვფიქრობ, ეს საკითხი საჭიროებს გადახედვას და საკანონმდებლო ცვლილებებს. არ შეიძლება მიხეილ ჩინჩალაძეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთპიროვნულად შეცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა.

მეოთხე - საქმეთა გაჭიანურება. მოქალაქეები დადიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოებში, მაგრამ ისინი წლების განმავლობაში ვერ აღწევენ შედეგებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმეთა განაწილების პრინციპის შემდგომ გადაიხედოს, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რატომ ჭიანურდება საქმეები.

მეხუთე - ბოლო, უმნიშვნელოვანესი საკითხი, ესაა მთლიანად სასამართლო სისტემის მოწყობა, ინსტიტუციური და ორგანიზაციული მხარე. ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო ვერ პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია და არის თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური. დღევანდელი სასამართლო სისტემა უნდა გადაიხედოს ორგანიზაციულად, მენეჯმენტი დაიხვეწოს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეფექტიანად ემსახურებოდეს. დღეს ეს ასე არ არის". - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა


close დახურვა