logo
ENG



ნათელაშვილი: ანტიკრიზისული გეგმით ხალხს უთხრეს, ჩვენ ვიყოთ კარგად და თქვენ კისერიც გიტეხიათო

25 აპრ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 
qikh4ti129kvjr5.png

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია - ასე აფასებს ოპოზიციური სპექტრი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას. ამის თქმის საფუძველს მათ ის დახმარებები აძლევთ, რომელიც გეგმის მიხედვით 6 თვეზე არის გადანაწილებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს გათვლა ხელისუფლებას არჩევნებს ვერ მოაგებინებს, თუმცა კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლას მაინც შეაფერხებს. მათი შეფასებით, ამ გეგმით არაა მოცული ყველა სოციალური ჯგუფი და მთავრობას არ გაუთვალისწინებია არცერთი წინადადება, რომელიც ოპოზიციამ მას კრიზისის დასაძლევად შესთავაზა.

„ივანიშვილის გუნდს შესაძლოა აქვს ილუზია, რომ დაგვიანებული, გაუმჭვირვალე, მავნებლური იდეებით სავსე არაადეკვატური გეგმით, რაც წარმოადგინა გახარიამ, გეგმით, რომლითაც არც საგადასახადო წნეხს უკლებენ მოქალაქეებს და მეწარმეებს, არცერთი დახმარება არ აქვთ უმუშევრად დარჩენლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, საპენსიო ფონდის ფულსაც კი არ უბრუნებენ ხალხს რომელიც მათი ფულია. 6 თვეზე დაწერილი დახმარებით ვერ მოიგებენ არჩევნებს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ამ ილუზიას გადაყვება ჩვენი ოჯახების ეკონომიკური მომავალი, შემოსავლები და საქართველოს შანსები, რომ სწრაფად გამოვიდეს ამ უმძიმესი კრიზისიდან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციას არაერთი პრეტენზია აქვს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიმართ. ისინი აცხადებენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა არ ეხება საქართველოს მოქალაქეების ყველა კატეგორიას. გარდა ამისა, ბუნდოვანია მექანიზმები, რითაც აპირებს მთავრობა ამ გეგმის შესრულებას. ანტიკრიზისულ გეგმაში არ არის გათვალისწინებული ის ეკონომიკური ინიციატივები, რომლებსაც ოპოზიცია სთავაზობდა მთავრობას, მაგ. როგორიც არის საგადასახადო წნეხის შემსუბუქება ან საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის მოქალაქეებისათვის დაბრუნება. 

„პრემიერის ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგენს ამ ხელისუფლების უზნეობათა აპოთეოზს. ფაქტიურად ამით ხალხს უთხრეს, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და თქვენ კისერიც გიტეხიათო. შედეგად დაითრიეს 10 მილიარდი დამატებით უცხოეთის ბანკებიდან იმისათვის, რომ მერე პროცენტი ისევ ჩვენ გადაგვახდევინონ. გინდა მგელს შეუჭამიხარ და გინდა მგლისფერ ტურას, უნდა დამთავრდეს ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობს და კომენდანტის საათი. ხალხი უნდა დაბრუნდეს სამუშაო ადგილზე და ბიზნესმა დაიწყოს მუშაობა სანიტარული ნორმების დაცვით“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.


close დახურვა