logo
ENG



ნარიყალა ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებს შორის დასახელდა

18 დეკ 202017:52
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპა ნოსტრამ" ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

"ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა „ტაბულა პევტინგერიანა“ თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.

1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად - ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამად ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

მიუხედავად იმის, რომ პირდაპირი დაფინანსება პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების იდენტიფიცირება ხშირად ახდენს აუცილებელი საზოგადოებრივი და კერძო მხარდაჭერის სტიმულირებას, მათ შორის ფინანსების მობილიზაციის კუთხით", - აღნიშნულია გნცხადებაში. 


close დახურვა