logo
ENG



ნარკოტიკი და კრიმინალური გარჩევები - რა ხდება ქუთაისის საჯარო სკოლის სარდაფში

03 მარ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

სკოლის ტერიტორია, როგორც ნარკოტიკების მოხმარების ადგილი - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად გაავრცელა ახალგაზრდამ ვიდეო, რომელიც ქუთაისში, აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლაში არსებულ უმძიმეს ვითარებას აღწერს.

სკოლის სარდაფს მოსწავლეები და როგორც ჩანს, უფროსებიც, ნარკოტიკების მოხმარებისა და კრიმინალური გარჩევებისთვის იყენებენ. სწორედ კრიმინალების ანგარიშსწორებისგან თავის დასაცავად ითხოვა კონფიდენციალობის დაცვა წყარომ, რომელიც სარდაფის კადრებს ავრცელებს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პოლიციამ დაკითხვაზე სკოლის ადმინისტრაცია დაიბარა. დირექტორი ამბობს, რომ გაკვეთილების მიმდინარეობისას სარდაფში მსგავსი რამ არ მომხდარა, თუმცა რა ხდება ღამით სკოლის უკანა მხარეს, რომელიც დაუცველი ტერიტორიაა, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. დირექტორმა არც ის იცის, იყვნენ თუ არა სარდაფში ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის მისი მოსწავლეები. გამოკითხვაზე იმყოფებოდა სკოლის დარაჯიც.

კადრებში ჩანს, რომ სარდაფს კანაფის მოსაწევად იყენებდნენ. ასევე ჩანს ე.წ. ინსულინის შპრიცებიც, რაც იმაზე მიუთითებს,რომ აქვე სავარაუდოდ სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკს მოიხმარდნენ, რომელსაც ადგილზევე ამზადებდნენ.

ქუთაისში აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლა და ქუთაისის 24-ე სკოლა ერთმანეთს ესაზღვრება, ამიტომ საგამოძიებო უწყებაში ორივე საჯარო სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სკოლის ტერიტორია დაუცველია, მოშლილია ღობე, სარდაფს კი, კარი საერთოდ არ აქვს. სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  მათ უფლებამოსილებაში  ტერტორიის კეთილმოწყობა არ შედის.

გამოძიება კანაფის უკანონო შეძენა შენახვა და მოხმარებისთვის მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, ვინ არიან პირები, ვინც სკოლის სარდაფს ნარკოტიკის მოსახმარად იყენებდა. 

 


close დახურვა