ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების გარშემო მოვლენები ახალ ფაზაში შედის. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ 15-პუნქტიან გეგმას, რომელსაც ჰამასი უკვე დაეთანხმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღია წინააღმდეგობით შეხვდა.
დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭო“ თავდაპირველად განისაზღვრებოდა როგორც ორგანო, რომელსაც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის მართვისა და აღდგენისთვის უნდა გაეწია კოორდინაცია. საბჭოს წესდებას, რომელიც გლობალური კონფლიქტების მოგვარებასაც ითვალისწინებს, 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი, ხოლო თებერვალში ვაშინგტონში გამართულ პირველ სხდომაში 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. 30 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ კაიროში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა „ისტორიული შეთანხმება“ ჰამასისა და ღაზაში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ. 15-პუნქტიანი დოკუმენტი ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების განთავსებას და მართვის გადაცემას პალესტინელთა ახალი მთავრობისთვის, რომელიც „მშვიდობის საბჭოსთან“ ითანამშრომლებს. აღნიშნულ გეგმას ჰამასმა თანხმობა განუცხადა, თუმცა პროცესს ისრაელის მკვეთრი პოზიცია აფერხებს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისრაელი აშშ-ის მიერ ინიცირებულ გეგმას არ იღებს. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმია ღაზის სექტორს არ დატოვებს მანამ, სანამ არ მოხდება ჰამასის არა ფიქტიური, არამედ სრული და რეალური განიარაღება, რაც ყველა სახის იარაღის ჩაბარებას გულისხმობს. ისრაელის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპს „დიდ მეგობრად“ მიიჩნევს და აშშ-თან ისტორიულ პარტნიორობას აფასებს, თუმცა საკუთარ პოზიციას დაიცავს, როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ისრაელის უარის მიუხედავად, თეთრი სახლი სიმშვიდეს ინარჩუნებს — ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს გამოსვლა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს და ის 2026 წლის ოქტომბერში ისრაელში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და შიდაპოლიტიკურ საჭიროებებს უკავშირდება. ამასთან, ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში ისრაელმა ღაზის სექტორზე დარტყმები ფაქტობრივად შეწყვიტა.
ამ მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გასცეს ნებართვა ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰის აღმოსავლეთ რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებაზე. პროექტს არაბთა გაერთიანებული საამიროები აფინანსებს, ხოლო სამუშაოები მიმდინარეობს ისრაელის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. „ყვითელ ხაზთან“, რომელიც ჰამასის გვირაბებისგან უკვე გაწმენდილია. ელექტროენერგიის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების გაყვანას ისრაელის არმია გააკონტროლებს, მშენებლობაზე კი უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ ღაზის მცხოვრებლებიც დასაქმდებიან.
ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა, რასაც 1 200-მდე ადამიანის დაღუპვა და 250-ზე მეტის მძევლად აყვანა მოჰყვა. შემდგომმა საომარმა მოქმედებებმა ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, სადაც ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 71 ათასს გადააჭარბა.
