იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა იმ მოსამართლეების სახელები და გვარები გაასაჯაროვა, რომელთა ნათესავებიც საერთო სასამართლოების სისტემაში არიან დასაქმებულები. მათ შორის ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე ირაკლი შენგელიაა. შენგელიას ცოლი, და და დისშვილი საერთო სასამართლოების სისტემაში არიან დასაქმებულები.
„სისტემაში ნეპოტიზმის ნიშნები უფრო მრავლად არის, ვიდრე მე დღეს ამაზე ვისაუბრე. ეს არის ფაქტები, რომლებზეც მე ვსაუბრობ. ბუნებრივია კითხვა ჩნდება, რატომ იწყებს ირაკლი შენგელიას ცოლი მუშაობას საერთო სასამართლოების სისტემაში მხოლოდ 2014 წლიდან, როცა იგი მანამდე არ იყო საერთო სასამართლო სიტემის თანამშრომელი? რატომ იწყებს მისი და მუშაობას სასამართლო სისტემაში მაშინ, როდესაც ირაკლი შენგელია უფრო მეტად გავლენიანი მოსამართლე გახდა? რატომ ეძებს წლების განმავლობაში სამსახურს მისი დისშვილი სალომე კაცაძე და რატომ იწყებს ისიც მუშაობას საქალაქო სასამართლოში, როდესაც მისი ბიძა უფრო მეტად გავლენიანი პირი ხდება?“, - განაცხდა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის მოსამართლე წევრზე რევაზ ნადარაიაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ნადარიას კონტაქტები კობა ჩაგუნავასთან აქვს, რომელიც მისი თანასოფლელია.
მისივე განცხადებით, კობა ჩაგუნავას კარიერული ზრდა ზუსტად ემთხვევა ხოლმე რევაზ ნადაიარას კარიერულ ზრდას და წლების განმავლობაში ერთსა და იმავე სისტემაში მუშაობენ.
„რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება ერთ-ერთი პირის კობა ჩაგუნავას კარიერა. ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას, კობა ჩაგუნავა იყო ამავე სასამართლოს მენეჯერი. როდესაც რევაზ ნადარაია ხდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, კობა ჩაგუნავაც იწყებს მუშაობას სააპელაციო სასამართლოში. უფრო მოგვიანებით, კობა ჩაგუნავა ხდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გამორიცხული არ არის, კობა ჩაგუნავა უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მოსამართლეც გახდეს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.