logo
ENG



ნიდერლანდების საგარეო:ვემხრობით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს

30 მაი 202612:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/30/yzl5y70qql3cpb1.png

"ფორმულასთვის" ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ნიდერლანდები გმობს საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებს, ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას, რათა საქართველოში არსებულ სიტუაციას საერთაშორისო ყურადღება მიექცეს.

"ნიდერლანდები მუდმივად გმობს რეპრესიების იმ კამპანიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შემდგომი სწრაფი გაუარესება საქართველოში ღრმად სამწუხაროა. ამან გამოიწვია ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელოვანი დაქვეითება, მათ შორის, მთავრობასთან დახმარებისა და თანამშრომლობის შემცირება. დღეს „ქართული ოცნების“ ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ დიდი შრომით მოპოვებულ დემოკრატიულ მიღწევებსა და მის საერთაშორისო რეპუტაციას.

ნიდერლანდები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას საერთაშორისო ყურადღება მიექცეს. მაგალითად, ეუთოს 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, ნიდერლანდებმა მიმდინარე წლის დასაწყისში მხარი დაუჭირა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამუშავებას.

ნიდერლანდები კვლავ ემხრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, რათა მოუწოდოს მათ კურსის შეცვლისკენ. მათ შორისაა ევროკავშირის მიზანმიმართული სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ბოლო ანგარიშში", - მიწერა "ფორმულას" ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.


close დახურვა