ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
"დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონაპანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო ეტყობა", - წერს გვარამია.
გვარამიას საქმის განახლების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც ტელევიზიის დირექტორმა დაწერა, რომ მის საქმეზე საქალაქო სასამართლოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ პროცესი 7 დეკემბერს იყო ჩანიშნული.
გვარამიამ საქმისწარმოების განახლება პოლიტიკური რეპრესიების ახალ, მოსალოდნელ ტალღას დაუკავშირა.
"ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას", - წერდა გვარამია.
გვარამიას მსგავსად გუშინ განახლდა ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლო სხდომებიც.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.
2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.