logo
ENG



ნიკა მელია: ღარიბაშვილი ჩვენი ფულით 600 000 ლარის მაჯის საათებს ყიდულობს

25 აპრ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა, რადგან ბევრი საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარება სჭირდება, გუშინ არ უხსენებია.

მისი თქმით, გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა, რომელიც რამდენიმე დღით მმართველი გუნდი ნაკლოვანებების გადაფარვას ისახავდა მიზნად, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

„გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი გახარიამ ყველა არ მოატყუა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია, არც კი უხსენებია. სათვალავში არც კი ჩააგდო. ეს არის ენით აღუწერელი კადნიერება, რაც გუშინ გახარიამ აკადრა საზოგადოებას.

თავიდან ბოლომდე გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა, მეტი არაფერი, რომელიც რამდენიმე დღით თავიანთი ძირითადი ნაკლოვანების გადაფარვას ემსახურებოდა. მაგრამ რამდენიმე დღეზეც ვერ გასტანა და უკვე ყველამ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. 

ამ დროს ბიუჯეტი დამტკიცებულია ბატონი ღარიბაშვილისთვის, რომელიც ჩვენი, თქვენი და ხაზინის ფულით ყიდულობს 600 ათასი ლარის ოდენობით მაჯის საათებს. რატომ? - არავინ არ იცის“, - განცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, გუშინ წარმოდგენილ გეგმაში საერთოდ არ იყო ნახსენები რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად დახმარება სწორედ სასოფლო-სამეურნეო დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ.

„მთავრობამ ამოიღო მოსახლეობის რიგებიდან სოფლად მცხოვრები ადამიანები. მათ აღარ თვლით ადამიანებად? აღარ შიათ? სამსახური არ უნდათ? სასოფლო დასახლებებში მილიონ 500 000 ადამიანი ცხოვრობს და არცერთი სიტყვით გუშინ თქვენ არ გიხსენებიათ ისინი. საერთოდ სათვალავშიც კი არ ჩააგდეთ. როგორც არასოდეს სწორედ დღეს სჭირდებათ სასოფლო-სამეურნეო დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


close დახურვა