ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ციხიდან ეხმაურება და წერს, რომ ის "გარიგებაში არ და ვერ შევა".
ნიკა მელია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მისთის მიუღებელია "მისი თავისუფლებით ვაჭრობა" და "შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები", რაშიც შეთანხმების ტექსტიდან, 20 ივნისის საქმეების ამნისტიას გულისხმობს.
"მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს, ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა.
ეს ჩემთვის მიუღებელია! ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დიაწყეს ვაჭრობა.
ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - წერს ნიკა მელია.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა "გირჩის" სამმა წევრმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ.
მმართველი პარტია, ქართული ოცნება აცხადებს, რომ რომ დოკუმენტს გუნდთან ერთად განიხილავს, "განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კი პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას".
დოკუმენტის ხელმოწერას ემხრობა გიგი უგულავა, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.