logo
ENG



ნიკა მელია - მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, თორემ შიგნით "ქართული ოცნების" მაისური აცვია

10 ოქტ 201916:31
3 წუთის საკითხავი
 
cv643bxchm4qtlm.jpg

ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გააძევა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი განმარტავს, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მხედველობაში არ მიიღო ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მისი აღკვეთის ღონისძიებაზე შესაბამის დროში ემსჯელა. საუბარია ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებტან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია,  მოსამართლემ რა ჩათვალა შეურაცხმყოფლად იმ სიტყვებიდან, რითიც მოსამართლე გიორგი კერატიშვილს მიმართა.

„დარბაზიდან გამოსვლისას მე მას ვუთხარი, რომ ხალხო, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ, სანამ ჩვენ სიმართლეზე საუბარს არ შევეჩვევით, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას, არაფერი გვეშველება. ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია "ქართული ოცნების" მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურერებაა მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც მოდიან „ზონდერ მოსამართლეები“ და ბიძინა ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონი ეს ადამიანი გახლავთ. არ გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომ სამაჯურის მოხსნა-არმოხსნის საკითხი დროზე განეხილა“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მოსამართლე კერატიშვილი ის ადამიანია, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს:

„ეს ადამიანი მოსამართლე არ არის. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. დიახ, ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და მით უფრო, როგორც პოლიტიკოსის პოზიცია. ამაზე აზრს ვერავინ შემაცვლევინებს და ვერავინ მაიძულებს პატივი ვცე ამ ადამიანებს. ეს არ არის სასამართლო. შესაბამისად, შეუძლებელია დღეს სასამართლოს ვცე პატივი. ეს არის ხალხი, ვინც დაგიჭერს, თუკი დაავალებ, ეს არის ხალხი, ვინც გაგათავისუფლებს, თუკი დაავალებენ. ამიტომ თუკი ვინმეს ეწყინა ცივი წყალი დალიოს", - განაცხადა ნიკა მელიამ

აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ, თუმცა პროცესის გაჭიანურების გამო ნიკა მელიამ მისი შუამდგომლობის საკითზე გადასვლა ითხოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პროცესიდან გაძევებამდე მოსამართლეს ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი უწოდა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

 

 

 

 


close დახურვა